ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით

სრულიად საქართველოს ვულოცავ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ და ვსაუბრობთ ქალთა მიღწევებსა და წარმატებებზე. დღე, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რისი შეცვლა შევძელით და რა გვინდა შევცვალოთ მომავალში.

განსაკუთრებული ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ დადებითი ცვლილებები და შედეგები, რაც ქვეყანაში ქალთა გაძლიერებისა და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელდა, თუმცა ამავდროულად, აუცილებელია ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც კვლავ გადაუჭრელია და მძიმედ აისახება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, გენდერული იდენტობის და სოციალური კუთვნილების მქონე ქალზე.

მრავალი სტრატეგიული დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა თუ სტანდარტი იქნა შემუშავებული გენდერული თანასწორობის მისაღწევად, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ისეთი არსებითი საკითხების გადაჭრა, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური შევიწროების რეგულაცია, რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა და სხვა.

სამწუხაროა, რომ ქალის ხმა კვლავ არ ისმის სათანადოდ საკანონმდებლო ორგანოში. ქალებს მრავალი ხილული თუ უხილავი ბარიერი უშლით ხელს იყვნენ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და ჰქონდეთ კარიერული წინსვლა. გარდა ამისა, კვლავ დაუფასებელია ქალის შრომა როგორც დასაქმების ადგილებზე, ისე ოჯახში, რომელიც აუნაზღაურებელ შრომას გულისხმობს და ქალის ვალდებულად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, მათი წილი შრომის ბაზარზე მამაკაცების შემოსავალზე ნაკლებია.

წელს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქცია თუ მსვლელობა. სახალხო დამცველი გამოხატავს სოლიდარობას ამ აქციების მიმართ და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივები ქალთა სოციალურ აქტივიზმსა და ქალთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებზე იქნას დაფუძნებული.

კიდევ ერთხელ, ყველა ქალს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს და მოვუწოდებ საზოგადოებას, გავაცნობიეროთ და გავიაზროთ ქალთა თანაბარი ჩართულობის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)