ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება პოლიციის მიერ 2016 წლის 22 ივნისს ბათუმში საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი ეხმიანება 2016 წლის 22 ივნისს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც პოლიციამ საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა და აქცია დაშალა.

აღნიშნულ აქციას მონიტორინგს უწევდნენ სახალხო დამცველის აპარატის აჭარის ოფისის თანამშრომლები. ფაქტების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მოქმედებები გავიდა სამართლებრივი რეგულაციის სივრციდან. პოლიციამ დაარღვია აქციის მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, გამოხატვის თავისუფლება.

2016 წლის 22 ივნისს, ბათუმის საკრებულოსთან გონიოს მაცხოვრებელთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მითხოვდნენ საკუთრების უფლების აღდგენას მიწის ნაკვეთებზე, რაც გაუუქმდათ 2010 წელს.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა აჭარის მთავრობის აპარატის შენობასთან გადაინაცვლა და კარვის გაშლა სცადა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს არ გაეშალათ კარავი ქუჩის სავალი ნაწილის მიმდებარედ. რასაც დაემორჩილნენ და სავალი ნაწილის მიმდებარედ არსებულ სკვერში დააწყვეს ლეიბები და განაცხადეს რომ იწყებდნენ შიმშილობას სანამ არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა მათ წაართვეს ლეიბები და განმარტების გარეშე დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პოლიცია ითხოვდა სპეციალურ სადგომზე გაჩერებული ავტომობილის გაყვანასაც, რომელიც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ეკუთვნოდა. სამართალდამცავებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც აღნიშნული ავტომანქანიდან ლეიბების გადმოტანას ცდილობდა, რის შემდეგაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ავტომობილი, მასში მყოფ აქციის სხვა მონაწილესთან ერთად, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. იმავდროულად პოლიციამ ის პირიც დააკავა, ვინც ავტომობილის წაყვანის მიზეზის დადგენას ცდილობდა.

შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება, ასევე გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, რისი დაცვის უპირველესი გარანტიც საქართველოს კონსტიტუციაა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლი პირებს საჯაროდ შეკრების უფლებას ყოველგვარი წინასწარი თანხმობის გარეშე ანიჭებს, თუკი შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას არ იმართება. შეკრების ან მანიფესტაციის დაშლა კი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ცალსახად აცხადებს, რომ გონიოს მკვიდრი მოსახლეობის მშვიდობიანი აქციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაშლას არ გააჩნდა ლეგიტიმური საფუძვლები. აქციის მონაწილეებს არ დაურღვევიათ არცერთი მოქმედი ნორმატიული აქტი, არ გადაუკეტავთ გზა, არ შეფერხებულა ავტომობილების ან ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება, არ არსებულა რაიმე საფუძველი, რაც პოლიციას სამართლებრივი სიკეთის დაცვის საჭიროებას გაუჩენდა. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებების შემზღუდავი მოქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში, ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც დაძაბულ ფონს, რაც შეიძლება გახდეს თავად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის წინაპირობა.

საქართველოს სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება კვლავ არ გამოხატავს მზადყოფნას დანერგოს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული პრინციპები, შეასრულოს ის პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები რაც დადგენილია ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ გამოტანილი არაერთი გადაწყვეტილებით. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პროკურატურას გამოიკვლიოს გონიოს მკვიდრი პირების მშვიდობიანი აქციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაშლის ფაქტი და აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელების ქმედებები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)