ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვა თბილისის მერს

საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს თბილისში, მელიქიშვილის ქ. #49-ში მდებარე ობიექტიდან გამოსახლებული სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს. უკვე მეცამეტე დღეა აღნიშნული პირების აბსოლუტური უმრავლესობა შენობის მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ იმყოფებიან და ქუჩაში ათენებენ ღამეს. სამწუხაროდ, ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ნაკლებად ეფექტურია, რეაგირება კი – დროში გაჭიანურებული, რაც იწვევს უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების დარღვევას.

ზემოთ მითითებულ შენობაში ფართები სხვადასხვა დროს 12–მა სოციალურად დაუცველმა და უსახლკარო ოჯახმა თვითნებურად დაიკავა. ისინი შენობაში შეჭრის მიზეზად უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და საცხოვრებელი ფართის უქონლობას ასახელებენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ობიექტი კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

2015 წლის 28 მარტს მესაკუთრეების ინიციატივით, შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები გამოასახლეს. გამოსახლებულ პირებს შორის არიან ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არასრულწლოვანი პირები, რომელთა მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. აღნიშნული პირების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დრომდე ქუჩაში რჩება. ქუჩაშია მათი კუთვნილი ავეჯი, შეშის ღუმელი და სხვა მოძრავი ნივთები.

მოქალაქეების ობიექტიდან გამოსახლებამდე, 2015 წლის 27 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობას მიმართა და მათ მიერ ოჯახების უსახლკარობის ფაქტის დასადგენად, ასევე უსახლკარობისგან დასაცავად გატარებული მოქმედებების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. სახალხო დამცველისთვის დამატებით ცნობილია უსახლკარო პირების მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე გამგეობისთვის ინდივიდუალური განცხადებით მიმართვის შესახებ. ამრიგად, სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო ინფორმირებული იყო თბილისში, მელიქიშვილის ქ. #49-ში მცხოვრები მოქალაქეების მოსალოდნელი გამოსახლების და საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ. მიუხედავად ამისა, გამგეობას არ მიუღია ეფექტური ღონისძიებები აღნიშნული ოჯახების უსახლკარობისაგან დასაცავად.

მოქალაქეთა განმარტებით, ამ დროისათვის ბინის ქირით არასრულწლოვანი პირებისგან შემდგარი 2 ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი. თუმცა, დახმარების მიმღებ პირებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ადგილობრივმა გამგეობამ აღნიშნული 2 ოჯახი (ჯამში 7 ადამიანი) ხელოვნურად გააერთიანა და თავისი ინიციატივით შეურჩია საერთო, 20 კვ.მ. ფართის ბინა დასაქირავებლად. დანარჩენ პირებს (10 ოჯახი), მათივე განმარტებით, მხოლოდ 1 თვის ვადით შესთავაზეს ბინის ქირით უზრუნველყოფა, რაზეც უარი განაცხადეს. შედეგად, გამოსახლებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ რჩება, ვინაიდან თავშესაფარი არ გააჩნიათ. ამრიგად, გამოსახლების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ასევე არ არის საკმარისი უსახლკარო პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემების დროულად გადასაჭრელად, რაც იწვევს მათი უფლებების დარღვევას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს თბილისის მერს, პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საკითხი, გაითვალისწინოს პრობლემის გადაუდებელი ხასიათი და ღია ცის ქვეშ დარჩენილი პირების გრძელვადიანი და ღირსეული საცხოვრებლით უმოკლეს ვადებში დაკმაყოფილების მიზნით, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)