ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე თანასწორობის სტრუქტურების ევროპული ქსელის შეხვედრას დაესწრო

2016 წლის 29-30 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ბრიუსელში გამართულ თანასწორობის სტრუქტურების ევროპული ქსელის (EQUINET) წლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს ქსელის მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები, ასევე, შეაფასეს თანასწორობის სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანასწორობის სტრუქტურების ინსტიტუციური მოწყობის საკითხს, განიხილეს მათი დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და ეროვნულ უფლებადაცვით მექანიზმებთან ინტეგრაციის შემთხვევებში არსებული დადებითი და უარყოფითი მხარეები. საუბარი შეეხო თანასწორობის სტრუქტურების წინაშე მდგარ გამოწვევებს, შესაძლებლობების გაძლიერებას და სხვადასხვა უფლებადაცვით ინსტიტუტებთან პარტნიორობას.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო თემატურ სამუშაო ჯგუფში - თანასწორობის სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარების სტანდარტების განხორციელების პროგრესი. ეკატერინე სხილაძემ ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებზე. კერძოდ, საკანონმდებლო სივრცის დახვეწის საჭიროებაზე, საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვის მნიშვნელობაზე და სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის რესურსზე. ასევე, საუბარი შეეხო იმ პრინციპებს და სტანდარტებს, რომლებსაც სახალხო დამცველი დისკრიმინაციის აღმოფხვრის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მუშაობისას იყენებს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლიდან მონაწილეობს თანასწორობის სტრუქტურების ევროპული ქსელის (EQUINET) საქმიანობაში, დამკვირვებლის სტატუსით. აღსანიშნავია, რომ ქსელი აერთიანებს ევროპის 34 ქვეყნის 46 თანასწორობის სტრუქტურას, რომლებიც მუშაობენ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)