ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური შეხვედრები ჟენევაში

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილეს ფლავია პანსიერის შეხვდა. ომბუდსმენმა გაეროს უმაღლესი კომისრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა იმ ცვლილებებს, რომელიც ბოლო პერიოდში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მართლმსაჯულების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატში განხორციელდა. ყურადღება გამახვილდა დახურულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ პირთა უფლებებზე და მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობაზე.

უჩა ნანუაშვილი ჟენევაში ასევე შეხვდა შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის რეგიონალურ ხელმძღვანელს, სადაც ომბუდსმენის აპარატში თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის საკითხი და მუშაობის სტრატეგია განიხილეს. შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და უკვე დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.

უჩა ნანუაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაეროს იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის კომიტეტის მდივანს შეხვდა, სადაც განიხილეს იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირების საკითხი, რაც ასევე ასახული იყო სახალხო დამცველის 2013 და 2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში. კომიტეტის მდივანმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა, რომელიც სხვა ქვეყნების პრაქტიკის გაზიარებას და საგანმანათლებლო აქტივობას გულისხმობს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)