ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

2017 წლის 21 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების დაცვის, სკოლებში ტოლერანტული გარემოს შექმნის, სასკოლო სახელმძღვანელოებში ეთნიკურ–რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ასახვის, ახალ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის მექანიზმისა და გამოცემების შესახებ. განიხილეს სამინისტროს ხედვა ბილინგვური სწავლების გაგრძელებაზე, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, მასწავლებელთა მომზადება და გადამზადება, არაქართულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენის გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნა და სხვა საკითხები.

ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ სექტემბრისთვის მზად იქნება ახალი სახელმძღვანელოები I-VI კლასებისთვის, რომლის ხარვეზების გასწორებაში სახალხო დამცველის აპარატი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.

სახალხო დამცველის მოადგილემ ეკა სხილაძემ ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების უფლებებზე, მათი სწავლის გაგრძელებაზე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, ადრეული ქორწინების პრობლემებზე და სამინისტროს პრევენციული ღონისძიებების გატარების თხოვნით მიმართა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საუბრისა და დისკუსიის მზაობა გამოთქვა და ასევე აღნიშნა, რომ განვითარების დინამიკისა და პროცესის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, რათა წარმატებები თუ პრობლემები უფრო გაზომვადი გახდეს.

შეხვედრაზე მხარეები შემდგომ თანამშრომლობაზე და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

21.03.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)