ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი ჟენევაში

2017 წლის 6-9 მარტს, ჟენევაში, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების მთავარმა სპეციალისტმა ლარა ჯამარაულმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ბიუროს და რეგიონალურ შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა. ასევე დაესწრნენ გლობალური ალიანსის ყოველწლიურ კონფერენციას თემაზე „ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი კონფლიქტის პრევენციასა და მშვიდობიანი საზოგადოების შექმნაში“.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველი ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ფინანსური კომიტეტი ზედამხედველობს ევროპული ქსელის ბიუჯეტს, პასუხისმგებელია ფინანსების მოძიებაზე. ის ასევე მიმართავს ევროპის საკოორდინაციო კომიტეტსა და გენერალურ ასამბლეას ქსელის ფინანსური გაძლიერების შესახებ წინადადებებით. საქართველოსთან ერთად 2016-2019 წლებში ფინანსური კომიტეტის წევრები არიან ბელგიის რეგიონული ცენტრი თანაბარი შესაძლებლობებისთვის (UNIA) და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა და თანასწორობის კომიტეტი.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე ზედიზედ მეორედ არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის (ECC) წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ადმინისტრაციულ, მმართველობით და ფინანსურ საკითხებზე.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს 4 რეგიონიდან: აფრიკიდან, ამერიკიდან, აზიასა და ევროპიდან. კომიტეტს თითოეული რეგიონიდან არჩეული „A“ სტატუსის მქონე ინსტიტუტებისგან შემდგარი ბიურო მართავს. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი გერმანიის, ფინეთისა და ხორვატიის ეროვნულ ინსტიტუტებთან ერთად, 2016 წლის 22 მარტიდან, სამი წლის ვადით იქნა ევროპის რეგიონიდან ბიუროს წარმომადგენელად არჩეული.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)