ახალი ამბები

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული პროგრესისა და ძირითადი გამოწვევების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პროგრესისა და ძირითადი გამოწვევების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.

ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გარკვეულ შემთხვევებში, კვლავ გამოწვევად რჩება, რასაც სახალხო დამცველისადმი ყოველწლიური მიმართვიანობაც ადასტურებს.

საქართველოში სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული პროგრესისა და ძირითადი გამოწვევების შესახებ ანგარიში 2024 წლის 29 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინა.

პრეზენტაციაზე სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის თაობაზე საკანონმდებლო რეგულირებას პრაქტიკა, ძირითადი კონსტიტუციური სტანდარტები, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გზით სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკითხები და საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების მიმართულებით გამოკვეთილი ხარვეზები განიხილეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი და USAID კავკასიის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქორინ როთბლუმი.

პრეზენტაცია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)