ახალი ამბები

სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის საკითხებზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში, მსგავსად გასული წლებისა, კვლავ ფიქსირდება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის არაერთი ფაქტი.

უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა გამოიხატა საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადებებით, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა.

გარდა ამისა, დაფიქსირდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ერთ–ერთი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვერ მიიღო ვერდიქტი და ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომა დაინიშნა. საყურადღებოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან პირის დამნაშავეობის თაობაზე გაკეთებული განცხადება სასამართლოს განაჩენის გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, გამოძიების საწყის ეტაპზე და განმარტება, რომ ბრალდების მხარეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება არ აქვს.

საზოგადოებას უფლება აქვს ფლობდეს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ყველა შემთხვევაში, ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმპცია დაცული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციით დაცული უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა საჯარო განცხადების გაკეთებისას სავალდებულოა, როგორც ბრალდების მხარისთვის, ასევე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. მითუმეტეს, გასათვალისწინებელია ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირთა საჯარო განცხადებების ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე გავლენის საფრთხე.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის, ასევე, სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი რეალიზებისთვის ფუნდამენტური და აუცილებელია, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მთავრობის წევრებმა უზრუნველყონ საჯარო განცხადებების გაკეთებისას პირის უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა, კონკრეტული ბრალდებულის დამნაშავეობის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გარეშე; ასევე, აუცილებელია, რომ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპის დაცვით გავრცელდეს: კონკრეტული პირის/პირების დამნაშავეობის შესახებ მტკიცებითი ხასიათის დასკვნის გარეშე, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის აღნიშვნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)