ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს

2017 წლის 18 ივლისის დილას სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისის თანამშრომელს გორის ოფისის კარი გატეხილი და თავად ოფისი გაქურდული დახვდა. წაღებულია ოფისის კუთვნილი ტექნიკა – პორტატიული სამუშაო კომპიუტერი, რომელშიც სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და განმცხადებელს შორის არსებული ურთიერთობა თავისთავად გულისხმობს კონფიდენციალობას. შესაბამისად, კომპიუტერში არსებული მასალის რაიმე სახით გასაჯაროებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს განმცხადებელთა ინტერესები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც შიდა ქართლია.

საქმეში დილიდან ჩართულია პოლიცია, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტები. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)