ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის ინციდენტს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ოპერატიულად და ეფექტურად შეისწავლოს მომხდარიფაქტი.

საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 22 დეკემბერს, გამთენიისას ათამდე შეიარაღებულმა სამართალდამცავმა იარაღის აღმოჩენის მიზნით დავით ხოსიაშვილის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ამ დროს სახლში მისი 31 წლის რძალი თ.ნ. და 1 წლის ბავშვი იმყოფებოდნენ. ჩხრეკისას თ.ნ. შეუძლოდ გახდა და ამ დრომდე, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაში. ოჯახის წევრთა განცხადებით, სამართალდამცავები პოლიციელებისთვის შეუფერებლად იქცეოდნენ და სახლიდან ისე წავიდნენ, რომ დახმარება არ შეუთავაზებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არ გაგრძელდება მანკიერი პრაქტიკა და საქმის შესწავლას რეალური შედეგი უმოკლეს დროში მოყვება. არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები და შესაძლო გადაცდომის ჩამდენი კონკრეტული პირები გამოვლინდებიან და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამართალდამცავებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები, რათა არ შეილახოს პირის ფუნდამენტური – სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებები.

ხოსიაშვილის ოჯახის წევრებმა პოლიციელთა მხრიდან შეუფერებელი ქმედებისა და გულგრილობის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთანაც ისაუბრეს. სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გენერალური ინსპექციის მიერ საქმის შესწავლის პროცესს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)