ახალი ამბები

სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სასამართლომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო

2017 წლის 14 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი გაეგზავნა პენიტენციური დეპარტამენტის N3 პენიტენციურ დაწესებულების დირექტორს მსჯავრდებულ მ.შ.-ის განცადებაში მითითებული საკითის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. კერძოდ,მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს უარის გასაჩივრების მიზნით 2017 წლის 23 იანვრის საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საჩივარი ჩაბარდა N3 პენიტენციურ დაწესებულების ადმინისტრაციას, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული საჩივარი არ მიუღია.

საკითხის შესწავლის მიზნით #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ეთხოვა სახალხო დამცველის აპარატისათვის მოეწოდებინა ინფორმაცია ჩაბარდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ მ.შ. -ის 2017 წლის 23 იანვარის საჩივარი. ასევე, დადებითი/უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეთხოვათ განემარტათ ასეთი გადაწყევტილების მიზეზები.

პენიტენციური დეპარტამენტის #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 8 ივნისის წერილის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს პასუხად ეცნობა, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ნასამართლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და სახალხო დამცველის აპარატს ამ ინფორმაციის გასაცემად ეთხოვა მსჯავრდებულის თანხმობის წარდგენა #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისათვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დადგენილების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება ნასამართლობასთან დაკავშირებულ მონაცემებს და შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებული იყო სახალხო დამცველის აპარატისათვის მიეწოდებინა სათანადო ინფორმაცია.

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად." ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ "შემოწმების პროცესში ან საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება მოწმდება, ან გასაჩივრებულია, ვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხზე."

"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)