ახალი ამბები

სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის მოსაზრება ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის შესახებ

2015 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) წერილი და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დაუშვებლად მიიჩნია მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციართა სააღმზრდელო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობა.

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობის დასაშვებობის, აუცილებლობისა და ლეგიტიმურობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სახალხო დამცველმა მიმდინარე წლის 24 ივნისს მიმართა.

სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებითა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პრაქტიკა განუმარტა; აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ არსებითად უნდა შეაჯეროს, თუ რამდენად აკმაყოფილებს დასაშვებობის, აუცილებლობისა და დასაბუთებულობის კრიტერიუმებს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობა და მათი ფუნქციონირებიდან გამომდინარე, ბავშვზე ზემოქმედების (მათ შორის, სარიტუალო ღონისძიებებიდან წარმოშობილი ხმაური, პროცესიების ვიზუალური მხარის გავლენა აღსაზრდელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე) ინტენსივობა და ხანგრძლიობა. ასევე, რამდენად ემსახურება პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ამგვარი ჩარევა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და რამდენად აკმაყოფილებს პროპორციულობისა და სამართლიანი ბალანსის ელემენტებს.

საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების მახლობლად სასაფლაოების მოწყობის საკითხი და მისგან გამომდინარე ზემოქმედების მიზანშეწონილობის განხილვა განეკუთვნება არასრულწლოვანთა პირად ცხოვრებაში შესაძლო ჩარევის სფეროს და მისი მართლზომიერების შესწავლისას განხილულ უნდა იქნეს პირად სივრცეში ჩარევის შესახებ ეროვნული/საერთაშორისო ნორმები და პრაქტიკა. სასაფლაოების ფუნქციონირებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ზემოქმედების მიმართებასა და სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრებ ძალადობის მსხვერპლ/მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიმართ შესაძლო ზიანზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)