ახალი ამბები

შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან

2020 წლის 3 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. მხარეებმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე რამდენიმე საკითხი და პროკურატურასთან თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

მთავარი თემა, რაზეც სახალხო დამცველს კითხვები ქონდა ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალების გამოძიების მიმდინარეობას შეეხებოდა. ნინო ლომჯარია დაინტერესდა გარდაცვალების რა ვერსიებზე მუშაობდა საგამოძიებო უწყება

„ვისაუბრეთ თანამგზავრიდან გადაღებული სურათების მიღების შესაძლებლობაზე და როგორც შემატყობინეს, დაწყებულია აქტიური მუშაობა მათ მისაღებად. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს, პროკურატურის თქმით, ბიურომ თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უარი განაცხადა სხვა ქვეყნის გამოძიების მიმდინარეობაში ჩარევაზე. შეხვედრაზე გენერალურმა პროკურატურამ, ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, მთელი რიგი მოთხოვნები გაუგზავნა შესაბამის უცხოურ ორგანიზაციებს.

ამ ეტაპზე ვერ გამოვხატავ ჩემს პოზიციას და ვერ შევაფასებ გამოძიების მიმდინარეობას, სანამ ადვოკატთან ერთად არ გავეცნობი საქმის მასალებს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.

ნინო ლომჯარიამ და ირაკლი შოთაძემ ასევე ისაუბრეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლის შესახებ მიმდინარე გამოძიებებზე და სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პრეზიდენტის მიერ 2019 წელს შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების მასალებზე დაშვება მოითხოვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)