ახალი ამბები

შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის ხელმძღვანელთან

2016 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა.

სახალხო დამცველმა ისაუბრა აპარატის საქმიანობაზე და ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ქვეყანაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წინასაარჩევნო პერიოდში შეკრების და გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, საარჩევნო უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა სტუმარს საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგის პროექტი გააცნო, რომლის მიხედვით სახალხო დამცველის აპარატის 8 რეგიონულ ოფისში უკვე ამოქმედდა რეაგირების 26 ჯგუფი, მათ შორის 8 სასამართლო მონიტორი და 8 რეგიონული კოორდინატორი.

იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, ცხელი ხაზით, მედიიდან ან სხვა ნებისმიერი გზით მიღებული შეტყობინებისთანავე მონიტორინგის ჯგუფები მოახდენენ რეაგირებას, ადგილზე გადაამოწმებენ ინფორმაციას და დაიწყებენ საქმის წარმოებას.

სასამართლო მონიტორები შეისწავლიან საჩივრების განხილვის პროცესს საოლქო საარჩევნო კომისიებში და სარჩელების განხილვის პროცესს სასამართლოებში. არჩევნების დასრულების შემდგომ მომზადდება სპეციალური ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

26.09.16



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)