ახალი ამბები

შეხვედრა გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სპეციალური მომხსენებლის დელეგაციასთან

2015 წლის 13 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სპეციალური მომხსენებლის დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან პაატა ბელთაძესთან და საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანთან ეკატერინე ფოფხაძესთან გამართული შეხვედრის ძირითად თემას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა და მისი მანდატის საკითხები წარმოადგენდა. ასევე, განიხილეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია დახურულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმ ცვლილებებზე რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტური მუშაობის მიზნით განხორციელდა; პრევენციის ეროვნული მექანიზმის განახლებულ ექსპერტთა ჯგუფზე, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდა; გააცნო პრევენციის ეროვნული მექანიზმის მრჩეველთა საბჭოს მუშაობის პრინციპები და განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებისთვის დახურულ დაწესებულებებში ფოტო-ვიდეო გადაღების უფლების მინიჭებას გულისხმობს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოში წამების წინააღმდეგ არაერთი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი წამების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, რომლის მიღებაც უკვე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა იქვე აღინიშნა, რომ კვლავ რჩება პრობლემები. რაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ეფექტურად გამოძიებას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა და პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების უფლების მინიჭება, რომელიც არაერთ ევროპულ ქვეყანაში აპრობირებულია და წარმატებით გამოიყენება.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)