ახალი ამბები

შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბრუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ნატოს ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და ვითარების გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე პროცესები განიხილეს.

სახალხო დამცველმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მიზნით ომბუდსმენის აპარატში მიმდინარე პროექტებისა და გეგმების შესახებ; ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის საკითხზე; ხაზი გაუსვა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესს, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი უწყებების სისტემურ რეფორმებს. განიხილეს ასევე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროება.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ჩვენი ქვეყნის წინსვლა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, თუმცა აქვე აღნიშნა ის გამოწვევები, რომელიც კვლავ რჩება.

„სახალხო დამცველს გადავეცით, რომ მისი ინსტიტუტის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველწლიური შეფასების დროს დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას. მე მის მიერ მომზადებულ ანგარიშებს ვეყრდნობი. სახალხო დამცველმა წარმოგვიდგინა რეფორმების გეგმა, რომელთა განხორციელებაც საქართველოსთვის ღირებული იქნება და ქვეყანას უფრო დააახლოებს ევროპულ სტანდარტებთან. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატოსთვის არამედ საქართველოს მოსახლეობისთვისაც“, – განაცხადა სახალხო დამცველთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)