ახალი ამბები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირების 5 წლისთავი

2019 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომელზეც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიკაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ ისაუბრა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული ღონისძიებებისა, ჯერ კიდევ არ არსებობს კონვენციის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმი. შესაბამისად, სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ქვეყანას არ გააჩნია ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულების პრაქტიკაში დანერგვის ერთიანი ხედვა; სხვადასხვა უწყების მიერ ფრაგმენტულად განხორციელებული ღონისძიებები კი ვერ უზრუნველყოფს შშმ პირების უფლებების სრულყოფილად რეალიზებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

რატიფიცირებიდან 5 წლის განმავლობაში სისტემური ცვლილები არ განხორციელებულა ეროვნული კანონმდებლობის შშმ პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან ჰარმონიზების მიზნით. მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება ჩაითვალოს 2015 წელს განხორციელებული ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა და შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში. ასევე, ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები. იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით მომზადდა კანონის პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელიც ამ დრომდე არ არის ინიცირებული პარლამენტში.

შშმ პირთა დასაქმების, აბილიტაცია/რეაბლიტაციისა და ჯანმრთელობის დაცვის ხელშესაწყობად გარკვეული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები ამოქმედდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს პროგრამები საზოგადოების მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

ეროვნულ დონეზე კონვენციის მონიტორინგის დამოუკიდებელ მექანიზმის ფუნქციებს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლიდან ახორციელებს. სახალხო დამცველის შეფასებები და რეკომენდაციები ყოველწლიურ საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში აისახება, თუმცა მათი გათვალისწინების მაჩვენებელი სამწუხაროდ, მაღალი არ არის.

თავის გამოსვლაში ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის აუცილებლობას. აღნიშნა, რომ მონიტორინგში ჩართულობისთვის სახალხო დამცველთან მოქმედებს საკონსულტაციო საბჭო, სადაც ამ ეტაპზე შშმ პირთა თემს 9 მოწვეული წევრი წარმოადგენს.

სახალხო დამცველმა მოამზადა და გაეროს კომიტეტს წარუდგინა ალტერნატიული ანგარიში შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების შესახებ და მზად არის აქტიურად ჩაერთოს გაეროში დაგეგმილ განხილვებში.

კონფერენციიაზე მოხსენებით გამოვიდნენ და საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა განიხილეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში (UN OHCHR) ვლადიმირ შკოლნიკოვმა და სახალხო დამცველის ოფისის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რუსუდან კოხოძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)