ახალი ამბები

სპეციალური ანგარიში ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

სპეციალური ანგარიში „(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ასახავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ნინოწმინდის პანსიონის არსებული მდგომარეობის, იქ ამჟამადაც მცხოვრები ბავშვების საჭიროებებისა და პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების უფლებრივი მდგომარეობის ყოველმხრივი შესწავლის შედეგებს. ანგარიშში ასევე, მოცემულია ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე მიმდინარე ოთხი სისხლის სამართლის საქმის სრული მასალების გაცნობის შედეგები, სადაც მათ შორის, შეფასდა გამოძიებების ეფექტიანობა. სპეციალურ ანგარიშში შეგიძლიათ, იხილოთ საკითხის შესწავლის შედეგად გამოკვეთილი გამოწევების საფუძველზე, სახალხო დამცველის მიერ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებისადმი გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ 2021 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, პანსიონში კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, როგორც დაწესებულების და აღსაზრდელთა დოკუმენტაციის წარმოების, ისე არასრულწლოვანთა ინდივიდუალური, მათ შორის, ბიო-ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასებისა და უზრუნველყოფის კუთხით. პრობლემური და არაეფექტურია ბავშვებთან მომუშავე უწყებებსა და დაწესებულებებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხი, რაც არსებითად უარყოფითად აისახება არასრულწლოვანთა საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესზე და ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს. საკითხზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების და არასრულწლოვნისა და მისი ოჯახის მხარდაჭერაზე, გაძლიერებასა და, საჭიროებისამებრ, რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების სიმცირე.

სახალხო დამცველის მიერ საკითხის შესწავლის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვების (ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებაში, ცხოვრებაც კი არის სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებების დარღვევა. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა პანსიონის ყველა აღსაზრდელის ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება და ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, ზრუნვის ალტერნატიულ, ოჯახთან მიმსგავსებულ სერვისში გადაყვანა. კერძოდ, 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით, პანსიონში ირიცხებოდა 17 აღსაზრდელი, რომელთაგან 15 განაგრძობს დაწესებულებაში ცხოვრებას. შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ პანსიონში ამჟამადაც ცხოვრობს ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბავშვზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის კუთხით არაეფექტიანი პოლიტიკის მაგალითია.

სახალხო დამცველი კვლავ განაგრძობს პანსიონში არსებული მდგომაროების, იქ ამჟამად მცხოვრები ბავშვების და მისი ყოფილი აღსაზრდელების უფლებრივი მდგომარეობის მჭიდრო მონიტორინგს და შეფასებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)