ახალი ამბები

თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) კონფერენცია ,,მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის’’

2025 წლის 20-21 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარიამ ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. სტოკჰოლმში გამართულ თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) მიერ ორგანიზებულ კონფერენციასა და სასწავლო ვიზიტში „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის“.

კონფერენციაზე ევროპული ქსელის თანასწორობის ომბუდსმენების და ამავე ქსელის კანონმდებლობის ჯგუფის წევრებმა განიხილეს თანასწორობის ორგანოთა როლი დისკრიმინაციის მსხვერპლთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით და ასევე, იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ახალმა თანასწორობის დირექტივებმა შექმნას დამატებითი შესაძლებლობები ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გასაძლიერებლად. კონფერენციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმის გამოცდილების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, შვედეთის თანასწორობის ომბუდსმენის ორგანიზებით, ევროპული ქსელის წევრები გაეცნენ შვედეთის გამოცდილებას დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვის, სტრატეგიული სამართალწარმოების და სასამართლო ორგანოებში წარმომადგენლობის მიმართულებით.

სახალხო დამცველის აპარატი სამომავლოდ კვლავ გააგრძელებს თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) მუშაობაში აქტიურ ჩართულობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)