ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე გაგზავნილი კომუნიკაციები

2020 წლის 23 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა

2020 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა.[1]

„ცინცაბაძის ჯგუფში“ შემავალი საქმეები ეხება სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ სიცოცხლის ხელყოფის და ასევ მათ მიერ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა აღნიშნული დანაშაულების როგორც ჩადენისთვის ასევე, მათი არაეფექტიანი გამოძიებისთვის.

სახალხო დამცველმა, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელმა ეროვნულმა ინსტიტუტმა, კომუნიკაციის წარდგენით კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი შესაძლებლობა და მინისტრთა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების კუთხით არსებული სისტემური პრობლემების შესახებ, როგორიცაა:

  • წამების და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, დოკუმენტირება და გამოძიებისთვის შეტყობინება პენიტენციურ დაწესებულებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში;
  • მოსამართლის როლი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენის პროცესში;
  • გენერალური პროკურატურის რეფორმა.

სახალხო დამცველმა მინისტრთა კომიტეტს კომუნიკაციის საშუალებით ასევე მიაწოდა ის რეკომენდაციები, რომელიც მიემართება საქართველოს მთავრობას და რომელთა შესრულებაც აუცილებელია, იმისათვის რომ მოხდეს ზემოაღნიშნულ საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულფასოვნად აღსრულება.

მინისტრთა კომიტეტი მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ სხდომაზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხს განიხილავს და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს შეაფასებს.


[1] კომუნიკაცია მომზადდა გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შესახებ კომიტეტის წესების მე-9(2) მუხლის საფუძველზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)