განხორციელებული პროექტები

2013 - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერა

2013 წლის დეკემბერში დასრულდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ხუთთვიან პილოტური პროექტი - სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება კახეთის რეგიონში, სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის დანიშვნის გზით, რომლის მიზანიც იყო კახეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა. პროექტის განხორციელებას ზოგად მენეჯმენტს უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი.

პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველის საკონტაქტო პირმა და მისმა თანაშემწემ სახალხო დამცველის ოფისის დავალებითა თუ მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე განახორციელეს ათობით გასვლით ვიზიტი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. პროექტის განმავლობაში, სავარაუდო უფლება დარღვევის თაობაზე სახალხო დამცველის საკონტაქტო პირს სხვადასხვა კომუნიკაციის, მათ შორის ცხელი ხაზის საშუალებით სულ 83 პირი დაუკავშირდა ხოლო, საქმის შემდგომი შესწავლის მიზნით, 17 მოქალაქემ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, რომელთაგანაც დასაშვებობის ეტაპი გაიარა, და რეგიონულ სამმართველოს არსებით განხილვისთვის გადაეცა 9 საქმე.

აღნიშნული საქმეების უმრავლესობა (6 საქმე) შეეხებოდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პირთათვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების შეწყვეტის საკითხს, რაზეც სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა კონკრეტული ოჯახების ხელახლა გადამოწმება.

ინფორმაციის გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ასევე გაიმართა ხუთი სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)