კონსტიტუციური სარჩელები.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა უსახლკარო პირთათვის სტატუსის მინიჭების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, როდესაც ირღვევა გარკვეულ პირთა ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვადასხვა ნორმის გაუქმება მოითხოვა, რომლებიც არაკონსტიტუციურად ზღუდავენ უსახლკარო პირთა წვდომას სათანადო საცხოვრისზე მისაწვდომობის უფლებას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი საკანონმდებლო რეგულაციით, დადგენილი უსახლკარობის ცნება ბუნდოვანია და ამასთანავე არ ასახავს რეალობაში არსებულ უსახლკარობის ყველა ფორმას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული უსახლკარო პირთა რეგისტრაციის წესი კი, უსახლკარო პირების დიდ ნაწილს, სათანადო საცხოვრისზე მისაწვდომობის უფლების გარეშე ტოვებს.

კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია ნორმები, რომელთა საფუძველზეც სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან სრულად გამოირიცხებიან არასათანადო პირობებში მცხოვრები პირები, რომლებიც ცხოვრობენ საცხოვრისის ფუნქციის არმქონე სხვადასხვა ადგილებში ან თავს აფარებენ არამყარ ნაგებობებსა და საცხოვრისად გამოუსადეგარ კონსტრუქციებს; ასევე პირები, რომლებიც საცხოვრისში ცხოვრობენ სამართლებრივი გარანტიების გარეშე და გასახლების საფრთხის ქვეშ იმყოფებიან; იგივე წესის მიღმა რჩებიან დროებით, ახლობლებთან შეფარებული პირები; ინსტიტუციიდან გამოსვლის მოლოდინში მყოფი პირები, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებში და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან, არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი და რეალურად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრისით უზრუნველყოფას, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში არ ენიჭებათ უსახლკარო პირის სტატუსი, რის შედეგადაც კარგავენ თავშესაფრის მიღების შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ლახავენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც წარმოადგენს სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოვლინებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)