კოვიდ 19

ვებინარი: „იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვა COVID-19-ის პირობებში“

საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა (UNHCR) და დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის სესილია ხიმენეს-დამარის ოფისის მიერ ორგანიზებულ ვებინარში: „იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვა COVID-19-ის პირობებში: ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) როლი და გამოცდილება და UNHCR–თან თანამშრომლობის შესაძლებლობები“.

ვებინარის მთავარ მიზანს წარმოადგენდა NHRI-ების როლისა და გამოცდილების განხილვა COVID-19-ის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ აპარატი შეისწავლის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ქვეყანაში პანდემიის გამოცხადების დღიდან და 24/7-ზე უწევს დახმარებას ნებისმიერ ადამიანს. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმდა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით, აღსანიშნავია ცხოვრების სათანადო პირობების არქონა.

გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი იღებს ინდივიდუალურ საჩივრებს იძულებით გადაადგილებული პირებისგან, ის აგრეთვე პროაქტიულად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით აგროვებს მონაცემებს, ახდენს პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი აღმოფხვრის მიზნით, რეკომენდაციებს წარუდგენს შესაბამის უწყებებს.

თამარ გვარამაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ყველა ბენიფიციართან და აწოდებენ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სხვადასხვა სერვისისა და დახმარების პროგრამის შესახებ.

საუბარი შეეხო ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და მათი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის არარსებობას, რაც უდიდესი შეშფოთების საგანია.

ვებინარში მონაწილეობა მიიღო 150-მდე ადამიანმა, მათ შორის დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, სესილია ხიმენეს-დამარმა, UNHCR–ის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სხვადასხვა რეგიონიდან.

დეტალური ინფორმაციისათვის მიყევით ბმულს

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)