ყველა რეკომენდაცია

რეკომენდაცია შრომით ურთიერთობებში განსხვავებული მოსაზრების და სხვა პოლიტიკური შეხედულების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა სსიპ პარლამენტის ყოფილ კვლევით ცენტრში დასაქმებული 5 პირის განცხადება, რომლებიც განმარტავდნენ, რომ ცენტრის დირექტორმა, სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, მათზე ფულადი ჯილდო არ გასცა მათი განსხვავებული შეხედულებების გამო. ასევე, განმცხადებლები, მიუთითებდნენ ცენტრის დირექტორის მხრიდან მათ შევიწროებაზე.

კერძოდ, განმცხადებლებმა ხელი მოაწერეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებას, რომელიც გამოხატავდა მხარდაჭერას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებული ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და გმობდა საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმებით დარბევას. ამ საკითხსა და დასაქმების ადგილზე არსებულ პრობლემებზე განმცხადებლებმა მედიასაშუალებებშიც ისაუბრეს.

მოპასუხემ უარყო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები და აღნიშნა, რომ წახალისების მექანიზმის გამოყენება დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ხოლო დასაქმებულთა მიერ არარსებული უფლებების დარღვევაზე მითითება მოკლებული იყო, როგორც გონივრულობას, ისე სამართლებრივ საფუძველს.

სახალხო დამცველის აპარატმა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე შეაფასა - ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, მოქმედებდა თუ არა ცენტრის დირექტორი ისეთი ფუნდამენტური პრინციპების დაცვითა და პატივისცემით, როგორიცაა - კანონიერება, თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა და დისკრეციული უფლებამოსილების მართლზომიერი განხორციელება.

წინამდებარე საქმეში, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა საკმარისი არგუმენტაცია განმცხადებლების მიერ წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად და საქმის მასალებით დადასტურდა, რომ სხვა თანამშრომლებს მიეცათ ფულადი ჯილდო, მაშინ, როცა განმცხადებლებისთვის მისი გაუცემლობის გამამართლებელი, სამართლებრივად წონადი არგუმენტები არ დასახელებულა.

სახალხო დამცველმა ხაზგასმით მიუთითა, რომ ვინაიდან, ცენტრის მიერ ფულადი წახალისება განხორციელდა იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც, დირექტორის შეფასებით, თავიანთი ფუნქციები სანიმუშოდ შეასრულეს, იგივე მიდგომა უნდა გავრცელებულიყო ყველა იმ თანამშრომელზე, რომლებმაც აღნიშნული სტანდარტით შესრულებული სამუშაო გასწიეს.

რაც შეეხება განმცხადებელთა შევიწროებას, მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო, სახალხო დამცველი მოკლებული იყო შესაძლებლობას, განმცხადებელთა მიმართ შევიწროების ფაქტი დადგენილად მიეჩნია, ვინაიდან, ამ პროცესში გამოვლენილი ქცევები არ იყო ისეთი სიმწვავის და სისტემატურობის, რაც შევიწროების დადგენის სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)