ყველა ზოგადი წინადადება

სახალხო დამცველმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფიზიკური მისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა

2021 წლის 21 დეკემბერს სახალხო დამცველმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს ზოგადი წინადადებით მიმართა და მოუწოდა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოს როგორც ბიუროს შენობების ადაპტირება, ასევე ყველა მომსახურებისა და ინფორმაციის მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, განურჩევლად შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპისა.

განმცხადებელი ცნობის აღების მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გურჯაანის ფილიალს ეწვია, თუმცა, ვერ შეძლო შენობაში შეღწევა, ვინაიდან, ბიუროს გურჯაანის ფილიალის შესასვლელში არ არის მოწყობილი პანდუსი. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა არსებული ბარიერის შესახებ ცხელი ხაზის ოპერატორს აცნობა, ბიუროს თანამშრომელმა მას ქუჩაში გაუტანა ცარიელი ფურცელი და მოკლედ დააწერინა განცხადების ტექსტი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა დაადასტურა, რომ შენობა არ არის აღჭურვილი ეტლით მოსარგებლეთათვის საჭირო საშუალებებით. აქვე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუროს ოფისების უმრავლესობა აღიჭურვა პანდუსებით; ასევე, დაგეგმილია გურჯაანის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების გადატანა სხვა შენობაში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა, რომ რამდენადაც მისაწვდომობის ვალდებულება უპირობოა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფას გამართლება არ აქვს. გურჯაანის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების სამომავლოდ სხვა შენობაში გადატანა, არ შეიძლება ჩაითვალოს არსებული დისკრიმინაციული გარემოს გამამართლებელ ფაქტორად, რამდენადაც, სამომავლო ქმედება ვერ ჩაანაცვლებს ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევას.

სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებმა კარგად გაითავისონ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რასაც მათ რეგიონალური თუ საერთაშორისო კანონმდებლობა აკისრებთ და მაქსიმალური ძალისხმევა გაიღონ იმისთვის, რომ შეძლონ შეთავაზებული სერვისისა თუ მომსახურების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირება, სტანდარტების სრული დაცვით, რათა ამ გზით ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხრიდან სერვისებითა და მომსახურებებით სხვებთან თანასწორად სარგებლობას.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით უკვე მიმართა ნოტარიუსთა პალატას და ზოგადი წინადადებით სს „ლიბერთი ბანკის“ დირექტორს. სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით მუშაობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)