რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შინაგან საქმეთა მინისტრს

2011 წლის 29 მარტს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს გიორგი ხარაბაძეს, აკაკი ჩიქოვანს და მერაბ ჭიქაშვილს. 2011 წლის 26 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით გ.ხარაბაძესა და გ.ჭიქაშვილს შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღე–ღამის ვადით, ხოლო ა. ჩიქოვანს 10 დღე–ღამის ვადით.

ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულმა პირებმა აღნიშნეს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეზღუდული აქვთ ყოველდღიური ერთსაათიანი გასეირნების უფლება, შხაპის მიღების შესაძლებლობა, რის გამოც ვერ იცავენ პირად ჰიგიენას, ასევე ვერ ეცნობიან პრესას. გ.ხარაბაძემ განაცხადა, რომ სამი დღის განმავლობაში ითხოვდა ექიმთან შეხვედრას, რაც მოგვიანებით დაკმაყოფილდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმართა პროტესტის ზომას - შიმშილობას, თუმცა მისი გადაყვანა სხვა საკანში არ მომხდარა და არც ექიმს უნახავს შიმშილობის დაწყების შემდეგ.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობაშეფარდებული პირები უნდა სარგებლობდნენ ყველა იმ უფლებით, რომელიც მსჯავრდებულებს აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი არამარტო ყოველდღიური გასეირნების უფლებით უნდა სარგებლობდნენ, არამედ უნდა ჰქონდეთ საშუალება შეხვდნენ ოჯახის წევრებს, იქონიონ სატელეფონო საუბრები და გარე სამყაროსთან კონტაქტი, რასაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

სახალხო დამცველმა არაერთ საპარლამენტო მოხსენებაში აღნიშნა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურა არ იძლევა ადმინისტრაციული პატიმრობაშეფარდებული პირების არა მარტო საერთაშორისო სტანდარტებით, არამედ ადგილობრივი ნორმებით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების საშუალებას.

სახალხო დამცველი წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის #108 ბრძანების „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებას. მიუხედავად ამისა სახეზეა ბრძანების ზოგიერთი დისპოზიციის აშკარა შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2010 წლის საპარლამენტო მოხსენებაში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, ადმინისტრაციული პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნეს სპეციალური დაწესებულებების შექმნა რეგიონული პრინციპის გათვალისწინებით, რომლებიც ადაპტირებული იქნება პირთა ხანგრძლივი განთავსებისთვის.

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, საწყის ეტაპზე უზრუნველყოფილ იქნას ყველა იმ უფლების რეალიზება ადმინისტრაციული პატიმრობაშეფარდებული პირებისათვის, რომელიც #108 ბრძანებითაა გათვალისწინებული.

ასევე ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, უზრუნველყოს დაკავებულთა/პატიმართა ყველა უფლების ამსახველი ახალი ნორმატიული აქტის გამოცემა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)