რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შემოსავლების სამსახურის უფროსს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსს შეისწავლოს მოქალაქე ვახტანგ გოგოლაძისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ვახტანგ გოგოლაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა კანონიერად, რის გამოც ირღვეოდა მისი უფლებები.

სახალხო დამცველი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო მოთხოვნა მიღებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რაც თავის მხრივ არღვევს ი/მ ვახტანგ გოგოლაძის კანონიერ უფლებებს.

2007 წის 15 ნოემბერს ი/მ ვახტანგ გოგოლაძეს (ფირმა „სავანელი“) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის წერილით ეცნობა, რომ მას ბიუჯეტის წინაშე ერიცხება საგადასახადო დავალიანება 1219121 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ვ. გოგოლაძეს მასზე რიცხული საგადსახადო დავალიანების ნაწილი დარიცხული ჰქონდა შპს „მუსიკალური ფონდის“ მოთხოვნით. კერძოდ შპს „მუსიკალურმა ფონდმა“ თხოვნით მიმართა ქ. ბორჯომის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას, ფირმა „სავანელთან“ სასამართლო დავის დამთავრებასთან დაკავშირებით, 1993–1999 წლის ნოემბრამდე ბორჯომის კომპოზიტორთა შემოქმედებით სახლზე რიცხული დავალიანების გადაწერა განხორციელებულიყო ზემოაღნიშნულ ფირმაზე.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა არ შეიცავს ნორმას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ერთი გადამხდელის განცხადების საფუძველზე მასზე რიცხული საგადასახადო დავალიანების მეორე პირისათვის დარიცხვა. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის თავად საგადასახადო სისტემის პრინციპებთან. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ი/მ ვახტანგ გოგოლაძის მიერ მოწოდებულ საქმის მასალებში არ მოიპოვება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შპს „მუსიკალური ფონდის“ სარჩელი საგადასახადო დავალიანების ი/მ ვახტანგ გოგოლაძისათვის გადაწერის შესახებ დაკმაყოფილდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, დავების საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ი/მ ვახტანგ გოგოლაძის საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონს, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდი წარმოადგენდა ამნისტრირებულ პერიოდს და მისი შემოწმება კანონით აკრძალული იყო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)