რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს, შეისწავლოს მოქალაქე მეხფულე დავითაძის მიმართ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

2011 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე მეხფულე დავითაძემ, რომელსაც მიაჩნდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით დაირღვა მისი უფლებები.

სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია.

მოქალაქე მ. დავითაძემ 2009 წლის 31 მარტს დაბა ჩაქვში, აჭარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 3140 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც უარი უთხრა მას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ დგინდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არ დგინდება მოქალაქე მ. დავითაძის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების ფაქტი. ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია განმცხადებლის მიერ წარდგენილ კანონით მოთხოვნილ დოკუმენტაციაზე, რითაც იგი ადასტურებდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს და საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივ საფუძველს. აქედან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო შესაბამისი გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომლითაც დასტურდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტო, რაც წარმოშობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)