რეკომენდაციები.

რეკომენდაცია სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რექტორს ჩატარებული კონკურსის კანონიერებასთან დაკავშირებით

2017 წლის 3 ივლის ს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რექტორს და მოითხოვა აკადემიაში ჩატარებული კონკურსის ბათილად ცნობა ლუიზა ლაფერაძის ნაწილში და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მის მიმართ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ლუიზა ლაფერაძე მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. კომისიის გადაწყვეტილებით, ფერწერის მიმართულებით სხვა შვიდ კანდიდატთან ერთად ლუიზა ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი განაცხადი სრულად შეესაბამებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. თუმცა, ლუიზა ლაფერაძეს პოზიციის დაკავებაზე უარი ეთქვა მის არაკოლეგიალურ ქცევაზე ზოგადი მითითებით, რაც არასახარბიელოდ აისახებოდა საგანმანათლებლო პროცესზე. კომისიამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ ფაქტზე, რომ განმცხადებელს წარსულში უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართული ჰქონდა სასამართლოსათვის და ასაჩივრებდა გავლილი კონკურსის შედეგებს. უნდა აღინიშნოს, რომ ლუიზა ლაფერაძის გარდა, ყველა იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელთა მიერ წარმოდგენილი განაცხადი სრულად შეესაბამებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სხვადასხვა სახის დადებითი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სამხატვრო აკადემიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყო სათანადოდ გამოკვლეული და დასაბუთებული ლუიზა ლაფერაძის მიმართ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება. კერძოდ, გაურკვეველია რა იგულისხმება ლუიზა ლაფერაძის არაკოლეგიალურ ქცევაში, რაც არასახარბიელოდ აისახებოდა საგანმანათლებლო პროცესზე. ასევე, უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს ოქმში მოყვანილი მითითება განმცხადებლის მიერ აკადემიის მიმართ წარსულში ნაწარმოებ დავაზე, რადგანაც იქმნება განცდა, რომ აღნიშნულ ფაქტსაც ჰქონდა მნიშვნელობა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დაუშვებელია, პირების მიერ ადმინისტრაციული ორგანოების წინააღმდეგ დავების წარმოების ფაქტს ამ პირების მიმართ რაიმე უარყოფითი შედეგი მოყვეს.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, არსებითად შეილახა ლუიზა ლაფერაძის კანონიერი უფლება და ინტერესი, დასაქმებულიყო სამხატვრო აკადემიის ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე. ამდენად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სახეზეა ლუიზა ლაფერაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)