რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის შედეგად პატიმრებს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესში შეფერხება აღარ შეექმნებათ

იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და შეცვალა პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვნად ართულებდა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობას.

ინდივიდუალური განცხადებებისა და პროაქტიული მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ თუკი მსჯავრდებულს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა სასამართლოში, პროცესის დასრულებამდე პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი აღარ განიხილებოდა. აღნიშნულის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ გასაჩივრების შემთხვევაში, პირადი საქმე სასამართლოში იგზავნებოდა და პენიტენციური სისტემა საქმეებს ვეღარ იხილავდა ხელმეორედ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აქამდე არსებული პრაქტიკის მიხედვით, მსჯავრდებულებს უწევდათ არჩევანის გაკეთება ორ კანონით გარანტირებულ უფლებას შორის - (1) სასამართლოში გაესაჩივრებინათ პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის უფრო მსუბუქი სახით შეცვლის თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება, ან (2) ესარგებლათ საბჭოს ხელმეორე და პერიოდული განხილვის მექანიზმით კანონით დადგენილ ვადაში.

სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატიული გზა შესთავაზა და რეკომენდაციით მიმართა, გაეტარებინათ იმგვარი ღონისძიებები პატიმართა პირადი საქმეების წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფდა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ეფექტურ შესაძლებლობას და ამასთან, არ დააბრკოლებდა კანონით განსაზღვრული საშეღავათო მექანიზმების ჯეროვან ფუნქციონირებას.

მისასალმებელია, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა რეკომენდაცია, კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მიეცა კონკრეტული მითითებები. სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება განახლებული წესის პრაქტიკაში აღსრულებას.

აქვე გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ სახალხო დამცველის აპარატი წლებია მონიტორინგს უწევს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმის მუშაობას. აპარატმა გამოავლინა არაერთი პრობლემა ადგილობრივი საბჭოების საქმიანობასა და პროცესის მომწესრიგებელ ნორმატიულ ბაზაში. საბჭოების გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, დაუსაბუთებელი და არათანმიმდევრულია, არ არის განჭვრეტადი საბჭოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მოტივაცია, არ არის ამომწურავი დებულებით გათვალისწინებული ის კრიტერიუმები, რომელიც პატიმართა გათავისუფლების წინაპირობას წარმოადგენს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)