რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველმა უსინათლო პირისთვის ბრაილის შრიფტის ან ალტერნატიული ფორმის მეშვეობით კომუნიკაციაზე ხელმისაწვდომობის არარსებობა დისკრიმინაციად შეაფასა

2018 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კანცელარიის თანამშრომელმა უსინათლო განმცხადებელს უარი უთხრა ბრაილის შრიფტით შედგენილი განცხადების ჩაბარებაზე. სანაცვლოდ, განმცხადებლის თანმხლებ პირს შესთავაზა, მოემზადებინა განცხადების ტიპური შრიფტით შედგენილი ვერსია, რომლსაც ჩაიბარებდნენ.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განმარტებით, ბრაილის შრიფტი უსინათლო პირებისთვის კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა. ბრაილის შრიფტის ან ალტერნატიული ფორმის მეშვებით კომუნიკაციაზე პირისთვის უარის თქმა და მისთვის მხედველობის პრობლემის არმქონე ადამიანების მსგავსად, განცხადების ბრტყელი შრიფტით შედგენის მოთხოვნა კი, სახალხო დამცველის მოსაზრებით, უსინათლოთა სპეციფიური საჭიროებების უგულვებელყოფას და ირიბ დისკრიმინაციას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას რეკომენდაციით მიმართა, უსინათლო და მცირედმხედველთათვის უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის ბრაილის შრიფტით და სხვა ალტერნატიული ფორმებით შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა; ასევე, გადაამზადოს საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომლები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ბრაილის შრიფტით და სხვა ალტერნატიული ფორმებით შედგენილი განცხადების შინაარსის გაგების მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)