საერთაშორისო ორგანიზაციები

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI)

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI) წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ერთ-ერთ რეგიონულ ქსელს, რომელიც ოპერირებს ევროპის რეგიონში და აერთიანებს ევროპის 50 ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტს. ENNHRI დაარსდა 2013 წელს და თავდაპირველად ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ჯგუფი ერქვა. საქართველოს სახალხო დამცველი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.

ENNHRI- ზოგადი მიზანია ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია და დაცვა, რომელსაც იგი ახორციელებს შემდეგი აქტივობების საშუალებით:

  • ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) გაძლიერება ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობის გზით, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზებით;
  • NHRI-ების მხარდაჭერა, რათა ისინი შეესაბამებოდნენ გაეროს ეროვნული ინსტიტუტების სტატუსთან დაკავშირებულ პრინციპებს, ე.წ. პარიზის პრინციპები, მათი დაარსებისა და აკრედიტაციის დროისთვის, ასევე ისეთ სიტუაციებში, როცა NHRI საფრთხის ქვეშ ექცევა;
  • NHRI-ების დაკავშირება ევროპულ ინსტიტუტებთან, მათი ჩართვით საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების მუშაობაში, როგორიცაა გაეროს ორგანოები, ევროპის საბჭო, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპული კავშირის ინსტიტუტები და ორგანოები და ა.შ. მათი ცნობადობის გაზრდისა და რეგიონული პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხების განხილვაში მონაწილეობის უზრუნველყოფის საშუალებით;
  • წევრებისთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით შესაბამისი კონფერენციების, სემინარების თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
  • ევროპის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართვა და წევრების კოორდინაცია;
  • სხვადასხვა სახელმძღვანელოს, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და სხვა ინიციატივების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვასა და პოპულარიზაციას ევროპის რეგიონში.

ENNHRI ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემა, გამჭვირვალობა, თანამშრომლობა, ანგარიშვალდებულება, პლურალიზმი და დისკრიმინაციის აკრძალვა, ჩართულობა, დამოუკიდებლობა და სოლიდარობა.

გარდა ამისა, ENNHRI სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს წევრ ინსტიტუტებთან ერთად შემდეგი თემატური მიმართულებებით სამუშაო ჯგუფების საშუალებით:

  • დემოკრატია და კანონის უზენაესობა;
  • ეკონომიკური და სოციალური უფლებები;
  • თავშესაფარი და მიგრაცია;
  • ხელოვნური ინტელექტი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები (სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ სამუშაო ჯგუფს 2020-2022 წლებში);
  • ბიზნესი და ადამიანის უფლებები;
  • ხანდაზმულ პირთა უფლებები (სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ სამუშაო ჯგუფს 2022-2025 წლებში);
  • კლიმატის ცვლილება და ადამიანის უფლებები და ა.შ.

ENNHRI- სათაო ოფისი მდებარეობს ბრიუსელში, სადაც 2013 წლიდან მოქმედებს მისი მუდმივი სამდივნო. სამდივნო გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ორგანიზებას უწევს ENNHRI-ს ყოველდღიურ საქმიანობას და წარმოადგენს მთავარ საკონტაქტო ორგანოს დაინტერესებული მხარეებისთვის. სამდივნო ზედამხედველობს სტრატეგიული გეგმისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულებას ორგანიზაციის ყოველდღიურ მუშაობაში და ასრულებს საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს.

გარდა სამდივნოსი, ორგანიზაცია საქმიანობას ახორციელებს შემდეგი ორგანოების მეშვეობით: გენერალური ასამბლეა, მმართველი საბჭო და ფინანსური კომიტეტი.

აღსანიშნავია, რომ მმართველი საბჭო, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის აღმასრულებელ და გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, შედგება ექვსი A-სტატუსის მქონე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტისაგან. თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, იგი განსაზღვრავს ქსელის სტრატეგიულ პრიორიტეტებს და პასუხისმგებელია ქსელის მართვასა და ადმინისტრირებაზე. გენერალური ასამბლეა ირჩევს თავმჯდომარეს სამი წლის ვადით. იგი ზედამხედველობს ENNHRI-ს საქმიანობის მიმართულებებსა და მართავს და წარმოადგენს ორგანიზაციას. საბჭოს თითოეულ წევრს ასევე აქვს სამ წლიანი მანდატი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც ENNHRI-ის თანადამფუძნებელი ინსტიტუტი 2013-2019 წლებში იყო საბჭოს წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მის განვითარებასა და გაძლიერებაში. საქართველოს სახალხო დამცველი 2016-2019 წლებში ასევე იყო ფინანსური კომიტეტის წევრი (2017 წლიდან მას ხელმძღვანელობდა). საქართველოს სახალხო დამცველი 2024 წელს კიდევ ერთხელ აირჩიეს საბჭოს წევრად და ამ მოვალეობას 3 წლის განმავლობაში შეასრულებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)