საერთაშორისო ორგანიზაციები

თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელი (Equinet)

თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელი დაარსდა 2007 წელს და აერთიანებს ევროპის თანასწორობის ორგანოებს - საჯარო ინსტიტუტებს რომელთა ფუნქციაც დისკრიმინაციასთან ბრძოლაა ეროვნულ დონეზე. ქსელის მთავარი მიზანია თანასწორობის ორგანოების მეშვეობით ერთობლივად ხელი შეუწყონ თანასწორობას და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას ევროპულ დონეზე. Equinet-ის საშუალებით წევრებს შეუძლიათ საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ქსელი უზრუნველყოფს ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებას წევრებს შორის, მოსაზრებებისა და პრაქტიკის გაცვლას, წევრებს შორის კითხვა-პასუხს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით.

ქსელი აერთიანებს 50-მდე ორგანიზაციას 36 ევროპული ქვეყნიდან. თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელი ხელს უწყობს თანასწორობას ევროპაში თანასწორობის ეროვნული ორგანოების საქმიანობის მხარდაჭერით. ქსელის მიზანია უზრუნველყოს თანასწორობის ორგანოების, როგორც თანასწორი საზოგადოებების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი კატალიზატორების, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.

ყოველწლიურად Equinet-ის წევრები იკრიბებიან გენერალურ ასამბლეაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად. გენერალური ასამბლეა ირჩევს 9 წევრისგან შემდგარ აღმასრულებელ საბჭოს 2 წლის ვადით. Equinet-ის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს სამდივნო, რომელიც მდებარეობს ბრიუსელში, ორგანიზაციის სათაო ოფისში. Equinet-ის წევრები თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით სამუშაო ჯგუფების საშუალებით ისეთ თემებზე, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, შშმ პირთა უფლებები და ა.შ. სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნული სამუშაო ჯგუფების აქტიური წევრია. წლის განმავლობაში ქსელი ორგანიზებას უწევს სხვადსხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას თანასწორობის თაობაზე.

2015 წლიდან სახალხო დამცველის აპარატი იყო ქსელის დამკვირვებელი წევრი, რაც ნიშნავს, რომ აპარატს შეეძლო მონაწილეობა მიეღო შეხვედრებში, თუმცა არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. 2017 წელს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე შეიცვალა წესდება, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების გარდა გაწევრიანების უფლება მიეცათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსაც. არაფორმალური კომუნიკაციისას აღინიშნა, რომ ეს ცვლილება სახალხო დამცველის აპარატის ეფექტურმა მუშაობამაც განაპირობა. 2018 წლის გენერალურ ასამბლეაზე სახალხო დამცველის აპარატი ქსელის სრულუფლებიანი წევრი გახდა მოლდოვის თანასწორობის ორგანოსთან ერთად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)