საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა - 2017 წლის მაისი

საქართველოს სახალხო დამცველმა მაისის ბიულეტენში თვის განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. დოკუმენტში შესულია ინფორმაცია საქართველოში შრომის ინსპექციის მომავალთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის შესახებ, სადაც სახალხო დამცველთან ერთად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოციალურმა პარტნიორებმა და ექსპერტებმა შრომის პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ბიულეტენში ასევე საუბარია სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების ფაქტებზე და შრომის პირობების ეფექტიანი ინსპექტირების სისტემის არსებობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე.

სახალხო დამცველის ყურადღების არეში მოექცა თურქეთის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება და თურქეთის რესპუბლიკაში მისი შესაძლო ექსტრადიციის საფრთხე. ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარება და გაურკვეველი მიზეზების გამო, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენა. გაეცნობით სახალხო დამცველის განცხადებებს, სადაც იგი მოუწოდებს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, რომ საქართველოში მცხოვრებ უკლებლივ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისა და კანონიერი, სამართლიანი მოპყრობის განცდა. არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ბედს.

საინფორმაციო ბიულეტენში იხილავთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს, საჯარო განცხადებებს, წარმატებით დასრულებულ საქმეებს. ასევე გაეცნობით ინფორმაციას სპეციალური ანგარიშების პრეზენტაციების, ინფორმირებისა და სამოქალაქო განათლების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, საერთაშორისო სიახლეები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სახალხო დამცველის აპარატისადმი მომართვიანობის სტატისტიკას და სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)