საინფორმაციო ბიულეტენი

საინფორმაციო ბიულეტენი – 2017 წლის ზაფხული

საქართველოს სახალხო დამცველმა განახლებული, კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. დოკუმენტში ასახულია ზაფხულის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობა, დახურული დაწესებულებების მონიტორინგი, სპეციალური ანგარიშები, საჯარო განცხადებები ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რეკომენდაციები, წარმატებული საქმეები და მოქალაქეთა მომართვიანობის სტატისტიკა, რაც სახალხო დამცველის აპარატისადმი მოსახლეობის ცნობადობისა და ნდობის ხარისხის მაჩვენებელია.

ბიულეტენში გაეცნობით საინფორმაციო კამპანია „უსაფრთხო სათამაშოს“ ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. კვლევის თანახმად, ევროკავშირის რეგულაციებით აკრძალულ მავნე ნივთიერებას – დი-2-ეთილჰექსილფტალატს (DEHP), საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების 90% შეიცავს. სახალხო დამცველის მიერ წარმოებული კამპანიის მიზანია მთავრობას მიუთითოს პრობლემის აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; როგორიცაა, ზედამხედველობის მექანიზმის შექმნა, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრა, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგება.

ზაფხულის ბიულეტენში ასევე განხილულია სახალხო დამცველისა და მისი დელეგაციის წევრების მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრები კონგრესის წევრებთან და ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათი ინტერესი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)