საქართველოს სახალხო დამცველები

გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში

  • თანამდებობა: საქართველოს ომბუდსმენი

2009 წლიდან -2012 წლამდე

გიორგი ტუღუში დაიბადა 1977 წლის 26 მარტს, ქალაქ თბილისში. სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, შედეგად მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. 2001 წელს ასევე დაასრულა სწავლა ქართულ-ამერიკული სახელმწიფო მართვის (GIPA) სამაგისტრო პროგრამაზე და მიენიჭა სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი. 2004 წელს დაასრულა სწავლა შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე და მიენიჭა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

1998 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მერიაში იურისტად იურიდიულ სამსახურში, ხოლო შემდეგ საქმიანობა გააგრძელა ჯერ თბილისის მთავრობის ვიცე-პრემიერის თანაშემწედ და შემდგომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსად. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, ხოლო შემდგომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წამყვან სპეციალისტად. 2001-2003 წლებში მუშაობდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანაშემწედ. 2003 წელს სამუშაოდ გადავიდა გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) სააჩევნო სისტემებზე მომუშავე იურისტად. 2004-2008 წლებში საქმიანობდა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OSCE) მრჩევლად ადამიანის უფლებების საკითხებში. 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა ევროკავშირის პროექტს "სახალხო დამცველის ხელშეწყობა", ამავე წელს საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს სახალხო დამცველად. 2012 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრად. ამავე წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, რომელშიც ხემლმძღვანელობდა არაერთ პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების და სამოქალაქო განათლების მიმართულებით. 2014 წელს სათავეში ჩაუდგა ევროკავშირის პროექტს "საკონსტიტუციო სასამართლოს ხელშეწყობა", ხოლო 2016 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. 2005 წლიდან არის წამების აკრძალვის ევროპული კომიტეტის (CPT) წევრი და ამავე კომიტეტის იურისპრუდენციის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. 2011-2015 წლებში იკავებდა გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (UN CAT) თავმჯდომარის მოადგილის და მომხსენებლის  თანამდებობას. 2012 წლიდან ასევე გახლავთ რასიზმთან და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის ევროპული კომიტეტის ECRI-ს წევრი. 2007 წლიდან პარალელურად მუშაობს რამდენიმე პროექტში ექსპერტ-კონსულტანტად. საექსპერტო სამუშაო მოიცავს სამართლებრივი რეფორმების და წამების პრევენციის ასევე დისკრიმინაციასთან ბრძოლის და ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების გაძლიერების და კანონმდებლობის ანალიზის სფეროს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის მონტენეგროში, სერბეთში, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში, კოსოვოში, მოლდოვაში, საბერძნეთში, უკრაინაში და ვიეტნამში. 2005-2016 წლებში ასევე ასწავლიდა ადამიანის უფლებათა სამართალს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და საერთაშორისო პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო 2010-2011 წლებში თსუ იურიდიული ფაკულეტის სამაგისტრო პროგრამაზე.

ყავს მეუღლე სოფიო ბალავაძე და შვილი დავით-გიორგი ტუღუში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)