შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

აბილიტაცია-რეაბილიტაცია

მ.ბ.-მ განცხადებით მომართა სახალხო დამცველის აპარატს და გვაცნობა, რომ ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომელიც არის 6 წლის და სჭირდება სმენის აპარატი. სმენის სირთულის მქონე ბავშვს აქვს მეტყველების პრობლემა და აღნიშნული აპარატის გარეშე შეუძლებელია მისი მოგვარება. განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მან სოციალურ სამსახურს მიმართა 2021 წლის ოქტომბერში, თუმცა მას არავინ დაკავშირებია. მ.ბ.-ს ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს შვილისთვის შეიძინოს აპარატი, რაც აუცილებელია მისი შემდგომი განვითარებისთვის (საქმე N549/22).

საქმის შესწავლის მიზნით, წერილით მივმართეთ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ასევე, რამდენჯერმე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია სააგენტოს წარმომადგენლებთან მ.ბ.-ს განცხადების მოძიებისა და მასზე რეაგირების სავარაუდო პერიოდის შესახებ.

უწყების საპასუხო კორესპონდენციით გვეცნობა, რომ არასრულწლოვანი გ.ბ. აყვანილია აღრიცხვაზე სმენის აპარატის მოთხოვნით. მ.ბ.-ს განცხადება განიხილება საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის N634 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დადგენილი წესით და დადებითი პასუხის შემთხვევაში ეცნობება მოქალაქეს.

2022 წლის 15 აპრილს, მოქალაქესთან სატელეფონო საუბრისას მივიღეთ ინფორმაცია, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა სმენის აპარატის მიღებისა და მორგების შესახებ, რის შემდეგაც უკვე შესამჩნევია არასრულწლოვნის პროგრესი მეტყველების კუთხით.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ მახარაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)