შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

ფსიქიკური ჯანმრთელობა

შშმ პირთა დეპარტამენტისთვის როგორც 2021 წლის 22 იანვარს, ერთ-ერთი ჰოსპიტალის ფსიქიატრიულ ამბულატორიაში განხორციელებული მონიტორინგის დროს მიღებული ინფორმაციის, ისე ამბულატორიის ექიმ-ფსიქიატრის - ლ. კ. -ს განცხადების საფუძველზე, ცნობილი გახდა ამავე დაწესებულების შენობის შიდა ინფრასტრუქტურის საგანგაშო მდგომარეობის თაობაზე. გარდა ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2011 წლამდე ფსიქიატრიული ამბულატორია წარმოდგენილი იყო სხვა სარაიონთაშორისო ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში, რომელმაც ფუნქციონირება შეწყვიტა ოპტიმიზაციის შედეგად. განმცხადებლის ინფორმაციით, აღნიშნული ოპტიმიზაციის შედეგად სარაიონთაშორისო ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და არც სერვისის მისაწვდომობა არ გაუმჯობესებულა. შესაბამისად, გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ 10 წლიანი ლოდინის შემდეგ სახალხო დამცველის დახმარებით, მოხდებოდა სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისის დაბრუნება თავისივე პროფილის დაწესებულებაში (საქმე N598/21, N607/21).

მოცემულ საქმეზე შემდგომი რეაგირების განხორციელების მიზნით, მივმართეთ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და შესაბამის ჰოსპიტალს.

განხორციელებული რეაგირების შედეგად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, მოცემულ ამბულატორიაში შემოწმდა სტაციონარული დაწესებულების სანებართვო და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობა. შემოწმებით დადგინდა, რომ დაწესებულებაში დარღვეული იყო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის № 385 დადგენილების 21 დანართის მე-7; მე-12; მე-13; მე-14; მე- 15; III; VII-2, 3; VIII-2 და XV-18 პუნქტების მოთხოვნები, რის გამოც მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 445 - ე მუხლის მე-2 ნაწილით და განსახილველად გადაეცა რაიონულ სასამართლოს. რაიონული სასამართლოს 2021 წლის 05 აპრილის დადგენილებით, ჰოსპიტალი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 445-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სახდელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ამასთან, გვეცნობა, რომ ვიზიტის დროს გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ჰოსპიტალმა დაუყონებლივ დაიწყო შენობის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა და განახორციელა სამინისტროსთან მოლაპარაკებები, თუმცა ისედაც მწირმა ბიუჯეტმა და არსებულმა პანდემიამ ხელი შეუშალა დამატებითი სახსრების გამოყოფას. შესაბამისად, ჰოსპიტალმა შეწყვიტა სათემო ამბულატორიულ - ფსიქიატრიული მომსახურების მიწოდება.

2021 წლის 21 დეკემბერს განმცხადებელ ლ. კ-სთან გასაუბრებით კი დადგინდა, რომ მას შესთავაზეს ცალკე ფსიქიატრიულ-ამბულატორიული სერვისის გახსნა, რომლის საფუძველზეც 2021 წლის 7 ოქტომბერს დაარსდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ცენტრი. შედეგად, გაუმჯობესდა როგორც პაციენტთა, ისე პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ნათია ბერაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)