შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

სათემო ორგანიზაციაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები

სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა საქმე (N8450/22), რომელიც ეხებოდა სათემო ორგანიზაციის ,,ჩვენი დიდი ოჯახი“ ბენეფიციარის რ. ი.-ს საჭიროებებს. კერძოდ, მას არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რაც ხელს უშლიდა სხვადასხვა სერვისებით სარგებლობაში.

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა აწარმოა შესაბამისი კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან. მათ შორის, გაიგზავნა წერილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ცენტრში.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შედეგად, 2022 წლის 29 ივლისს სათემო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მოხდა ბენეფიციარის ტრანსპორტირება ქ. ქუთაისის იუსტიციის სახლში. ბენეფიციარმა რ. ი.-მ საქართველოს მოქალაქეობის განხილვის მიზნით, განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მიმართვის საფუძველზე, რ. ი.-ს დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეობა და აიღო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლიკა ბაციკაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)