შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განათლების უფლება (ინკლუზიური განათლება)

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა მოქალაქე შ.დ, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია მისი აუტიზმის სპექტრის მქონე შვილის გ.ბ-ს უფლებების დარღვევის შესახებ ერთ-ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. კერძოდ, სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაციის მოთხოვნით, დედას, ბავშვი ბაღში მიჰყავდა 11:00 საათისთვის და ტოვებდა 13:00 საათამდე, იმ მიზეზით, რომ იგი ხშირად ტიროდა და სხვა ბავშვები ვერ იძინებდნენ. აღნიშნულმა მიდგომამ სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც ხელს უშლიდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას. ამასთან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ საბავშვო ბაღში არ იყო დასაქმებული ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფდა სსსმ აღსაზრდელების ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებას და ქცევის პოზიტიურ მართვას (საქმე N 2435/22).

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა წერილობით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას და აწარმოა შესაბამისი კომუნიკაცია განმცხადებელთან.

სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შედეგად ცნობილი გახდა, რომ მშობელს აღარ მოუწევდა ბავშვის დასაძინებლად ბაღში დარჩენა და გ.ბ.-ც სხვა ბავშვების მსგავსად მიიღებდა მომსახურებას დადგენილი საათობრივი განაკვეთის მიხედვით. ბაღში ასევე შეიქმნა მულტი გუნდი, სპეციალური პედაგოგისა და ფსიქოლოგის ჩართულობით, რომლებიც იზრუნებენ ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლიკა ბაციკაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)