შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებები, მისაწვდომობის უფლება, პატიმრის უფლებები

2022 წლის 15 ივლისს, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ქსენია მესხიძე იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც ესაუბრა მობილობის შეზღუდვის მქონე პირს - შ.ქ.-ს. შშმ პირის განცხადებით, დაწესებულებაში ადაპტირებული იყო მხოლოდ მისი საკანი, ხოლო დაწესებულების სხვა ნაწილები მისთვის არ იყო მისაწვდომი. შედეგად, იგი დამოუკიდებლად ვერ სარგებლობდა სეირნობის, ექიმის, ადვოკატის მონახულების, ტელეფონით სარგებლობის უფლებით, ვერ ერთვებოდა სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის დასაქმების მიმართულებით (საქმე N8130/22).

მიღებული ინფორმაციის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა. შემდგომი რეაგირების მიზნით, აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტმა გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურიდან.

N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მიღებული კორესპონდენციით დეპარტამენტს ეცნობა, რომ დაწესებულებაში შშმ პირთათვის მოწყობილია ადაპტირებული ინფრასტრუქტურა A კორპუსის პირველ სართულზე, ორი საკანი (ეტლით მოსარგებლეთათვის სპეციალური პანდუსებით, მათ შორის მოძრავი პანდუსით) მისაწვდომია გასეირნების, პაემანით სარგებლობის და დახმარების გარეშე ტელეფონამდე მისვლის და ზარის განხორციელების შესაძლებლობა.

წერილის მიღების შემდეგ, აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის წარმომადგენელი განმეორებით იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში და ადგილზე გაეცნო კორესპონდენციაში მითითებულ გარემოებებს. როგორც შშმ პირმა, შ.ქ.-მ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატიდან წერილის მიღების შემდეგ, პანდუსები დაამონტაჟეს რამდენიმე დღეში.

რაც შეეხება შენობის იმ ადგილებს, რაც კვლავ არაა მისაწვდომი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტს მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ შშმ პირთა უფლებების დაცვა, მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ მახარაძემ და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ქსენია მესხიძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)