სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის საინფორმაციო შეხვედრები ქალთა უფლებებთან დაკავშირებით

2021 წლის ივნისის თვეში სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტისა და დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრებს უძღვებოდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე, რომელმაც ისაუბრა გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობაზე და იმ პრინციპებზე, რომელიც უზრუნველყოფს მის მიღწევას. ასევე, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასების კვლევის შედეგები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაზე მონაწილეებმა სახალხო დამცველის მანდატის, შესაძლებლობებისა და ფუნქციების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრების ფარგლებში ასევე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯები, რაც გენდერული თანასწორობის მიღწევას და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, გენდერის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები/მრჩევლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, სოციალური მუშაკები, პოლიციელები, სოფლად მცხოვრები ქალები და სხვა დაინტერესებული პირები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)