სიახლეები

კვლევები ლგბტქი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებების შესახებ

2022 წლის 6 მაისს სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) ლგბტქი თემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევები წარმოადგინეს, კვლევების მთავარ მიგნებებზე და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებები, ეროვნული კანონმდებლობა, პოლიტიკის დოკუმენტები და მათი შესრულების მხრივ არსებული მდგომარეობაა განხილული. აღნიშნულია, რომ ლგბტქი საკითხების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა არათანმიმდევრულია და არ ეფუძნება ჯგუფის რეალურ საჭიროებებს. ამასთან, საკანონმდებლო და პოლიტიკის ღონისძიებები პრაქტიკულად არ არის რეალიზებული და ვერ უზრუნველყოფს თემის წევრთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ახალი კვლევები ცხადყოფს, რომ ლგბტქი ჯგუფის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კვლავაც გამოწვევად რჩება, თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პოზიტიური ცვლილებებიც შეინიშნება.

სპეციალური ანგარიშები მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უფლებადამცველები.

იხილეთ ანგარიშები:

ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება საქართველოში

ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმოხილვა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)