სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტს ინფორმაცია წარუდგინა

2021 წლის 7 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტს ინფორმაცია წარუდგინა. დოკუმენტი სახელმწიფოს მე-6 პერიოდული ანგარიშის საფუძველზე მომზადდა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) შესრულების კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემური საკითხების ნუსხას წარმოადგენს.

დოკუმენტში სახალხო დამცველი მიუთითებს გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემატიკაზე, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდი) საგანგაშო სტატისტიკასა და გამოძიების ნაკლოვანებებზე. ასევე, სექსუალური დანაშაულის შესახებ კანონმდებლობის ხავეზებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით სოციალური დაცვის სერვისების სიმწირეზე, ტრეფიკინგთან ბრძოლის გამოწვევებზე, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფაზე, ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტიანი განხორციელების გამოწვევებზე; ხანდაზმულ ქალთათვის სოციალური დაცვის მიზნობრივი სოციალური სერვისების არარსებობაზე და ა.შ.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ნუსხა, სახელმწიფოს მე-6 პერიოდულ ანგარიშთან და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ინფორმაციასთან ერთად, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტმა 5 ივლისს, წინასასესიო შეხვედრაზე განიხილა. ღონისძიებაში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ანა ლობჟანიძემ კონვენციის შესრულების კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემური საკითხების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)