სახალხო დამცველის აპარატმა ლტოლვილთათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და შშმპ უფლებების საკითხებზე
2025 წლის 12 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერითა და ჩართულობით, თავშესაფრის მაძიებლებთან და ლტოლვილებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და შშმ პირთა უფლებების საკითხებზე.
ღონისძიების გახსნაზე თავის მისასალმებელ გამოსვლებში სახალხო დამცველის მოადგილემ და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული თემების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე.
სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და UNHCR-ის წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ძირითადი სტანდარტები და თავშესაფრის მაძიებელი შშმ პირებისთვის გაეროს კონვენციითა და შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტებით გარანტირებული უფლებები განიხილეს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებს სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათ აღმოსაფხვრელად აპარატის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ისაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმებზე, ძალადობის პრევენციის მნიშვნელობასა და სახელმწიფოში არსებულ დაცვისა და დახმარების მექანიზმებზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.