სპეციალური ანგარიშები.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრების მონიტორინგის შედეგები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.

მონიტორინგი თბილისისა და ბათუმის თავშესაფრებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა სერვისის მიწოდების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას; ასევე, ბენეფიციართა საჭიროებების შეფასებას.

თავშესაფრის ადმინისტრაციისგან ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, შედგენილ იქნა სპეციალური გამოკითხვის ფურცელი. გასაუბრების შედეგად, გამოიკვეთა ის ხარვეზები თუ დადებითი ასპექტები, რომელიც თავს შეიძლება მართვის პროცესში იჩენდეს. ასევე, მოხდა საცხოვრებლის ვიზუალური დათვალიერება და სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება.

ბენეფიციართა გამოსაკითხად გამოყენებულ იქნა ნახევრად დახურული ტიპის კითხვარები. მონიტორინგისას გამოკითხულ იქნა იმ დროისათვის თავშესაფრით მოსარგებლე ყველა (2) პირი. ასევე, თბილისისა და ბათუმის თავშესაფრების ხელმძღვანელი პირები.

მონაცემების სრულყოფილად მოპოვების მიზნით, დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდან, რომლის დაქვემდებარებულ სტრუქტურას წარმოადგენენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ თავშესაფრის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს ბენეფიციართა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, ნათელია, რომ აუცილებელია გარკვეული ღონისძიებების გატარება, რომლებიც მათ გაძლიერებასა და სერვისის დახვეწას მოემსახურება. აუცილებელია მოხდეს პერსონალთა შორის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი ანაზღაურების სწორად გადანაწილება, საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგების გაუმჯობესება და სარეაბილიტაციო ღონისძიებების დახვეწა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)