სპეციალური ანგარიშები.

დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა

სპეციალური ანგარიში ასახავს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივ მდგომარეობას. 2014 წლის განმავლობაში სახალხო დამცველი ჩართული იყო თითქმის ყველა პროცესში, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის აპარატში არსებული დევნილთა საკითხებზე მომუშავე პროექტის ფარგლებში განხორციელდა 600-ზე მეტი ვიზიტი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 800-ზე მეტ დევნილს.

დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის ზოგადი ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების აღნიშნული ჯგუფის მთავარი გამოწვევები წლების განმავლობაში უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კონკრეტულ ოჯახს ინდივიდუალური და განსხვავებული პრობლემები შეიძლება ჰქონდეს, ჩვენი საქმიანობის პროცესში გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, რომლებზე მუშაობაც უნდა გაგრძელდეს, რათა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების დიდი ნაწილი გადაიჭრას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის გრძელვადიანი განსახლების საკითხი, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილების დაწყების დღიდან აწუხებს დევნილ მოსახლეობას.

განსახლების საკითხს ებმის იმ კომპაქტური განსახლების ობიექტების მდგომარეობა, რომლებშიც დევნილებს უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება; და ასევე, საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი, რომელიც თავისთავად მისასალმებელი ინიციატივაა, თუმცა 2009 წლიდან დღემდე შეფერხებებით და ნელი ტემპით მიმდინარეობს. გარდა აღნიშნული საკითხებისა, დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალური პრობლემების წინაშე დგას, რომელთა გადაუჭრელად მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში ვერ მიიღწევა.

დევნილი მოსახლეობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ინფორმაციის ნაკლებობა იმ სიახლეებსა და მოვლენებზე, რომლებიც უშუალოდ ახდენს გავლენას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ასევე,დევნილები მოწყვლადი არიან რესურსებისა და წვდომის მიმართ. გარდა გრძელვადიანი განსახლებისა, აუცილებელია დევნილთა ინტეგრაცია მათი განსახლების ადგილებში. უმუშევრობა წარმოადგენს უმთავრეს პრობლემას, რომელიც დევნილთა საზოგადოების უდიდეს ნაწილს აწუხებს. უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა დევნილთა იმ ჩასახლებებში, რომლებიც მოწვეტილია ცენტრალურ ქალაქებს. დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით აუცილებელია მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია სწორად წარიმართოს „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ მუშაობა.

ამასთან აუცილებელია 2015 წელს სამინისტრომ გაააქტიუროს და გააღრმავოს თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, რათა სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობა არ დადგეს ეჭვქვეშ. გარდა არასამთავრობო სექტორისა, აუცილებელია დევნილი მოსახლეობის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა ერთი მხრივ გაიზარდოს მათი ინფორმირებულობა თემებზე, რომლებიც უშუალოდ ახდენენ გავლენას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ამასთან, სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები.

მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს გაგრძელდეს კანონმდებლობის დახვეწის პროცესი. საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლა უნდა გახდეს სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. როგორც უკვე აღინიშნა, გასათვალისწინებელია გარემოება, რომ ეს პროცესი უმტკივნეულო არ იქნება, თუმცა მის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო რესურსების ფოკუსირება დევნილთა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. ასეთი მიდგომით ამოიფხვრება მრავალი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, რომელიც დღეს დევნილი საზოგადოების უდიდეს ნაწილს გააჩნია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)