სპეციალური ანგარიშები.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მონიტორინგის შემდგომი ანგარიში

2020 წლის 7 მაისს და 12 ივნისს სახალხო დამცველის მოადგილემ და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ საგანგებო ვიზიტები განახორციელეს. ვიზიტების მიზანი დაწესებულების მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებული ზომებისა და პაციენტის უფლებებზე მათი გავლენის შესწავლა იყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულებამ გარკვეული ღონისძიებები გაატარა. თუმცა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში COVID 19-ის პირობებში კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების შემდეგაც კი, დაწესებულებას სრულად არ ჰქონდა დანერგილი სტანდარტით გათვალისწინებული რიგი რეკომენდაციები. კერძოდ, ახლად მიღებულ პაციენტს არ უტარდებოდა COVID-19-ის დიაგნოსტიკა, არ არსებობდა სრულად იზოლირებული პალატები, სადაც ახლად შემოსული პაციენტები განთავსდებოდნენ, არ ხდებოდა პაციენტთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო სითხეები და საინფორმაციო პოსტერები პაციენტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილებში არ იყო ყველგან განთავსებული.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მიღებულმა ზომებმა გარკვეული ზეგავლენა იქონია პაციენტთა უფლებებზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია პაციენტების სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლების შეზღუდვა, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიის პერიოდში სარეაბილიტაციო აქტივობები მწირად, მაგრამ მაინც უწყვეტად მიმდინარეობდა. აიკრძალა პაციენტებისა და მნახველების შეხვედრები, თუმცა პაციენტებს ჰქონდათ მინიმალური შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეენარჩუნებინათ კონტაქტი ახლობლებთან და გარე სამყაროსთან.

პრობლემად რჩება ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის დამახასიათებელი სისტემური ხასიათის გამოწვევები. დაწესებულებაში კვლავ იმყოფებიან პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, მაგრამ სათემო სერვისების სიმწირის გამო დაწესებულებას ვერ ტოვებენ. პერსონალი სათანადოდ არ ფლობს დეესკალაციის ტექნიკას და ხშირად მიმართავს ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდებს. ასევე გამოწვევად რჩება პაციენტთა ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვაც.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ სახალხო დამცველს მიაწოდეს საკუთარი მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)