სპეციალური ანგარიშები.

გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება საქართველოში

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების - გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, საქართველოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის და მასში შემავალი უწყებების მიერ გენდერული თანასწორობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობის შეფასებას პოლიტიკის ყველა სფეროში. სახალხო დამცველის აპარატმა გენდერული თანასწორობის ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმების მუშაობა შეაფასა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმისა და, გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტის (EIGE) მიერ შემუშავებულ ინდიკატორებზე დაყრდნობით.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმები კვლავ საჭიროებს ინსტიტუციურ გაძლიერებას და დახვეწას, რაც მექანიზმის სისტემური ხასიათის ნაკლებობასთან არის კავშირში. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ეროვნული მექანიზმების როლი მეტწილად საკონსულტაციო ფუნქციებში ვლინდება და შესაბამისად, სუსტია მათი გავლენა პოლიტიკის განსაზღვრასა და კოორდინირებაში. გამოწვევაა ასევე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების მხრიდან მზაობისა და კოორდინაციის ნაკლებობა. რაც შეეხება უშუალოდ უწყებებს, მიუხედავად მათ მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ზომებისა, განხორციელებული პროგრამები და პროექტები ქაოტურია და არ არის დაფუძნებული ერთიან მიდგომაზე.

ანგარიში მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)